“ქართული ოცნება” სულ უფრო ანტი-ამერიკული და პრო-რუსული გახდა, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიაში მოსმენაზე სახელწოდებით: „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-სთან 30-წლიანი თანამშრომლობა, რომელმაც ქვეყანას თავისუფლება და სტაბილურობა მოუტანა, ხელისუფლების პოლიტიკით საფრთხის წინაშეა.
"მე აქ ასევე წარმოვადგენ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ციხეში სხედან. სიმბოლურად მინდა გამოვყო ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი, რომელიც ქალია და სრულიად უსაფუძვლოდ იმყოფება საპატიმროში. სწორედ მათი სახელითაც ვსაუბრობ.
მინდა ვისაუბრო საქართველო–ამერიკის ურთიერთობებზე და გავიხსენო, რომ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგა - დაგვეხმარა აგვეშენებინა დამოუკიდებელი, სტაბილური, პროდასავლური, რეფორმებზე ორიენტირებული სახელმწიფო, რასაც დღეს ვკარგავთ.
ამერიკამ საქართველოში ჩადო უდიდესი რესურსი - ფინანსური და ადამიანური. ეს არ ყოფილა მხოლოდ საჩუქარი, ეს იყო საქართველოს თავისუფლების, უსაფრთხოების და ევროპული მომავლისადმი ერთგულების გამოხატულება. ამერიკის დახმარებით გაძლიერდა საქართველოს ეკონომიკა და დემოკრატიული ინსტიტუტები, აღიჭურვა და გაიწვრთნა თავდაცვის ძალები, აშენდა სკოლები და საავადმყოფოები, გადამზადდა მასწავლებლები, საჯარო მოხელეები და მედიკოსები. ამ ნაბიჯებმა უზრუნველყო მშვიდობა და სტაბილურობა საქართველოში - ქვეყანაში, რომელიც თანდათან იქცა შავი ზღვის უსაფრთხოების, შუა კორიდორისა და ენერგეტიკული მარშრუტების ცენტრად, რომლებიც აკავშირებენ შავ და კასპიის ზღვებს და გასცდება ცენტრალურ აზიასაც.
საქართველო მოქმედებდა, როგორც სანდო პარტნიორი - ჩვენ ვმონაწილეობდით ავღანეთსა და ერაყში მისიის ფარგლებში. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ქართველი ხალხი ყოველთვის მასიურად უჭერდა მხარს ამ პარტნიორობას. მოკლედ, საქართველო იყო სტრატეგიული გამარჯვება შეერთებული შტატებისთვის.
რუსეთი საუკუნეზე მეტია ცდილობდა, დაეტოვებინა კავკასია და ცენტრალური აზია თავისი ექსკლუზიური გავლენის ქვეშ, მაგრამ სწორედ ამ პარტნიორობით ამერიკა იქცა სრულფასოვან აქტორად რეგიონში, რაც შთააგონებდა ჩვენს ხალხს და აყალიბებდა ახალ სტანდარტებს.
დღეს, პირველად ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამ პარტნიორობას, დააშორა და იზოლაციაში მოაქცია როგორც საკუთარი თავი, ისე ქვეყანა, მის ყველაზე სანდო მოკავშირეებისგან, და თანდათან უფრო მეტად დაუახლოვდა შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებს.
რუსეთი ცდილობს აღიდგინოს თავისი დომინანტური პოზიცია. “ქართული ოცნება” სულ უფრო ანტიამერიკული და პრორუსული გახდა. მისი საჯარო განცხადებები აგრესიულად ანტიამერიკულ ტონს იძენს - მათ შორის, აშშ-ის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაგალითად, თავდასხმები ელჩზე, რომელიც აქ, ჩემს უკან ზის, იყო გამიზნული არა პოლიტიკის განსხვავებულად შეფასებისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვის დაბრალებით, თითქოს ამერიკა რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდა. თავდასხმები განხორციელდა პირადად პრეზიდენტ ტრამპზე და მის ადმინისტრაციაზეც.
ამავდროულად, „ქართული ოცნების“ ლიდერები აქტიურად აძლიერებენ კავშირებს, უპირველესად, რუსეთთან, სრულად იმეორებენ კრემლის რიტორიკას, აძლიერებენ ურთიერთობებს ჩინეთთან და, სამწუხაროდ, ირანთანაც. ეს ხდება მას შემდეგ, რაც შეწყდა სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან. შედეგად მივიღეთ 180-გრადუსიანი შემობრუნება ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკაში, რაც საფრთხეს უქმნის დამოუკიდებლობას, რომელიც ძალიან დიდი ფასის სანაცვლოდ იქნა მოპოვებული - მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავაც ოკუპირებულია და 2008 წელს რუსეთმა ომი გააჩაღა, რაც წინ უძღოდა კიდევ ორ აგრესიას ამავე საუკუნეში. ეს ყველაფერი სავალალოა - საპირისპიროა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებთან და საქართველოს დამოუკიდებლობასთან", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.[ფორმულა]