ხვალ, 19 აგვისტოს, 21 წელი შესრულდება საბჭოთა კავშირში მოხდარი პუტჩიდან და, შესაბამისად, სსრკ-ის რღვევის დაწყების დღიდან.
1991 წლის 19 აგვისტოს "საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტმა" - ე. წ. "გეკაჩეპემ" საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი გადააყენა და ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღო. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: საბჭოთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი გენადი იანაევი, სსრკ ძალისმიერ სტრუქტურათა ხელმძღვანელები: იაზოვი, კრიუჩკოვი, პუგო, აგრეთვე სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მესვეურები.
საგანგებო პრესკონფერენციაზე გენადი იანაევმა განაცხადა, რომ "გეკაჩეპე"ქვეყნის ექვს რეგიონში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. მუქარა შეეხებოდა - ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, საქართველოს, სომხეთსა და მოლდავეთს ანუ იმ რესპუბლიკებს, რომლებმაც იმთავითვე უარი თქვეს შეერთებოდნენ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას.
საქართველოში დისლოცირებული ამერკავკასიის სამხედრო ოლქის გენერლებმა ზვიად გამსახურდიას "ეროვნული გვარდიის დაშლა" მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ 40 ათას ჯარისკაცს დაძრავდნენ და გვარდიას გაანადგურებდნენ. საქართველოს პრეზიდენტი დათმობაზე წავიდა, გვარდიას "შინაგანი ჯარის" სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალოდ დაუქვემდებარა.
"საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტმა" - ეგრეთ წოდებულმა "გეკაჩეპემ", ძალაუფლება მხოლოდ 3 დღით შეინარჩუნა. "ფასორის" აგარაკზე მძევლად აყვანილი მიხეილ გორბაჩოვი მოსკოვში დაბრუნდა.
საბჭოთა კავშირის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარმა პროცესებმა გამოიწვია 1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დაშლა და მის ნაცვლად 15 დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.