ხვალ, 19 აგვისტოს, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ედპ-ის თავმჯდომარის, გიორგი ჭანტურიას დაბადებიდან 53 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, მისი მეგობრები და ახლობლები ჭანტურიას საფლავთან შეიკრიბებიან და მის ხსოვნას პატივს მიაგებენ.
გიორგი ჭანტურია 1959 წლის 19 აგვისტოს დაიბადა, დისიდენტური მოძრაობის პერიოდში მან 1981 წელს იატაკქვეშეთში აღადგინა "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია". დისიდენტური საქმიანობისთვის პირველად 1979 წელს დააპატიმრეს. 1981 წელს იატაკქვეშეთში ააღორძინა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და მისი თავმჯდომარე გახდა. 1983 წელს კვლავ დააპატიმრეს ანტისაბჭოთა გამოცემების გავრცელებისთვის. გათავისუფლების შემდეგ აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1987 წელს მონაწილეობა მიიღო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ჩამოყალიბებაში, თუმცა თავისი უკომპრომისო შეხედულებების გამო 1988 წელს გამოეთიშა ამ ორგანიზაციას. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მცირე ხნით პატიმრობაში იყო.
1994 წლის 3 დეკემბერს ჭანტურია თავისი სახლის სადარბაზოსთან მანქანაში ჩაცხრილეს.