საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში 17 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ კოალიცია „ქართული ოცნების" მხარდამჭერები ქამარატ მამედოვი და ნათიკ რასულოვი დააკავა, იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.
„ქართული ოცნებიდან" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი 17 აგვისტოს შეხვედრებს სოფელ მუღანლოსა და ქეშალის მაცხოვრებლებთან მართავდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს.
ჩხუბში აქტიურად მონაწილეობდნენ სოფელ დუზაგრამის გამგებელი მუხტარ ისმაილოვი, სოფელ ლამბალოს გამგებელი ალახიარ აბდულაევი, სოფელ თულარის დეპუტატი საკრებულოში ვექილ ვექილოვი, სოფელ ქეშალოს გამგებლის თავთუხ კაჭიევის დისშვილი და გამგეობის თანამშრომელი ადრე ნასამართლევი ილგარ გაჯიევი, რომელიც ვიდეოკამერის დამტვრევასაც ცდილობდა.
აღნიშნული პირები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ „info.9.com"-ის წარმომადგენლის გიორგი ნანუაშვილის მიმართ, რომელიც სააგენტო „ინფო 9"-ის წარმომადგენლად მიიჩნიეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ამის მიუხედავად, პოლიციამ „ქართული ოცნების" ორი მხარდამჭერი დააკავა. „დაახლოებით 12 საათზე მივედი სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც დაკავებულები ჰყავდათ. ორდერი წარვადგინე, მაგრამ დაკავებულებთან არ შემიშვეს და არც საქმის მასალები გამაცნეს. მათი მოტივი ის იყო, რომ დაკავებულები უკვე დაკითხეს და ადვოკატის დახმარება აღარ სჭირდებოდათ. ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება, როცა დაწესებულებაში პატიმარი ჰყავთ, ადვოკატი ორდერს წარადგენს და არ შეახვედრებენ. არ მაქვს ინფორმაცია რა ბრალდებით არიან დაკავებულები", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადვოკატმა თენგიზ ბეჟაშვილმა.
წინასაარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლის ბრალდებით, თინათინ ხიდაშელმა სოფელ იორმუღანლოს პოლიციაში დუზაგრამას გამგებლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.