უწყებათაშორისი კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და სახელმწიფო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს:
უწყებათაშორისი კომისიისათვის ცნობილი გახდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების შენობებში მმართველი პარტიის სააგიტაციო პლაკატები და საარჩევნო ნომერი იყო განთავსებული.
კომისიის აზრით, მსგავსი ქმედებები წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო აგიტაციის მიზნით გამოყენებას, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა და 2 000 ლარის ოდენობით ფინანსურ სანქციას ითვალისწინებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის კანონდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციას წარმოადგენს.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციას აძლევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და სახელმწიფო დაწესებულებებს:
- დროულად მოახდინონ თავიანთი თანამშრომლების ინფორმირება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო დაწესებულებების ოფისებში პარტიული სიმბოლიკის განთავსება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.
- მოახდინონ შემოწმება, აქვს თუ არა მათ დაქვემდებარებულ უწყებებში ასეთ ფაქტებს ადგილი და კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, აღკვეთონ მსგავსი პრაქტიკა.