არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უწყებათაშორის კომისიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული სხვადასხვა დარღვევის ფაქტები გააცნეს. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მან ყურადღება გაამახვილა რეგიონებში ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლის მცდელობასა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით.
"ვისაუბრეთ ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობებზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურ პარტიებს, იდენტური პრობლემები აწუხებთ და ეს არის სააგიტაციო კამპანიური შეხვედრების ჩაშლის მცდელობა. ვიმედოვნებთ, უწყებათაშორისი კომისია ჩვენ მიერ მიწოდებულ ფაქტებზე რეაგირებას მოახდენს", - განაცხადა ლომჯარიამ.
როგორც ლომჯარიამ განაცხადა, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა უწყებათაშორის კომისიას ყურადღების გამახვილება მათი აქტივისტების მიმართ განხორციელებულ ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზე სთხოვეს.
უწყებათაშორისი კომისიის მეორე გაფართოებული შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. შეხვედრას პირველად დაესწრო ქართული არასამთავრობო სექტორი.