პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ვახტანგ ბალავაძესთან ერთად, გურიაში მდინარე ბახვისწყალზე მშენებარე ჰიდროელექტროსადგურის "ბახვი 3 ჰესი" მშენებლობა დაათვალიერა. შეხვედრას ფინანთა მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ესწრებოდნენ.
"ბახვი ჰესების" კასკადს კომპანია "ბახვი ჰიდრო ფაუერი" აშენებს. "ბახვი ჰესი 3"-ის დადგმული სიმძლავრე 10 მგვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავება 35 მლნ კვტ/საათს შეადგენს. ახალი ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2012 წლის შემოდგომაზე შევა.
კომპანია გამომუშავებულ ელექტროენერგიას ზამთარში შიდა ბაზარზე გაყიდის, ხოლო ზაფხულში ექსპორტზე გაიტანს.
ამასთან, მიმდინარეობს "ბახვი ჰესი 1", "ბახვი ჰესი 2" და "ბახვი ჰესი 5"-ის საპროექტო სამოშაო.
კასკადის საერთო დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-მდეა. ჯამური წლიური გამომუსავება 155 მლნ კვტ.საათს შეადგენს. პროექტების განხორციელებაზე 480 ადამიანი დასაქმდება.
საქართველოს მთავრობამ ახალი ჰესების მშენებლობებში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა "განახლებადი ენერგია 2008" შეიმუშავა. პროგრამის ფარგლებში, დღეისათვის საქართველოს რეგიონებში 15 ახალი ჰესი შენდება. 2012-2013 წლებში კი დამატებით 20 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება.
პროექტების განხორციელების შედეგად, ენერგოსექტორში 4 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, შეიქმნება 3 ათასი მგვტ-ის დამატებითი სიმძლავრე, ხოლო განსახორციელებელ სამუშოებზე 13 ათასი ადამიანი დასაქმდება.