შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამსახურის მაშველებმა სამი სამაშველო ოპერაცია განახორციელეს. რუს მთამსვლელთა სამკაციანი ჯგუფის დასახმარებლად მაშველები მას შემდეგ გავიდნენ, რაც ერთ-ერთ მთამსვლელს კარავიდან გამოსვლისას ფეხი დაუცდა და კლდეზე გადაიჩეხა. ჯგუფის დანარჩენი წევრები კავშირზე გამოვიდნენ და დახმარება ითხოვეს. ქართველმა მაშველებმა პირველ რიგში გარდაცვლილი ალპინისტი, მოგვიანებით კი მისი ჯგუფის 2 წევრი ვერტმფრენით მესტიაში ჩამოიყვანეს.
მესტიაში ჩამოიყვანეს სომეხი ალპინისტი ანდრონიკ მირიბიანიც, რომელიც უშბაზე ასვლას მარტო გეგმავდა.
სამაშველო ოპერაცია განხორციელდა ლენტეხის რაიონშიც, სადაც 5 იტალიელი ტურისტი ზღვის დონიდან 2400 მეტრზე ერთ-ერთ ქედზე იყო გაჩერებული. ტურისტები ფეხით მოძრაობდნენ და გადაღლის გამო გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. იტალიელები ქართველმა მაშველებმა ლენტეხში ვერტმფრენით ჩამოიყვანეს.