აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატ წევრ ვაჟა ვერულიძესთან ერთად სოფელ სარფის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ და მათ ქდმ-ს წინა საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრნენ. ნუგზარ ფუტკარაძის განცხადებით სარფელების უმთავრესი პრობლემა შიდა სასოფლო გზის მოუწესრიგებლობაა, რაც დამსვენებელთა რაოდენობაზე აისახება. მოსახლეობის ინფორმაციით უგზოობის გამო გასულ სეზონთან შედარებით წელს გაცილებით ნაკლები ტურისტი მიიღეს. ნუგზარ ფუტკარაძე მოსახლეობას ამ საკითხის პირად კონტროლზე აყვანას შეპირდა. გარდა ამისა სარფელებს ამბულატორიის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემაც აწუხებს. სოფელს ყოველდღიურად არ ემსახურება ექიმი და არ არის საკმარისი რაოდენობის პირველადი მოხმარების მედიკამენტები.
„აქ შეკრებილ მოსახლეობას ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საარჩევნო პროგრამა. თუ როგორი უნდა იყოს მოსახლეობის ხარისხიანი, ეფექტური და დროული მომსახურება ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში. ვისაუბრეთ იმაზე თუ რას გეგმავს ჩვენი მოძრაობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. მოსახლეობა გვიყურებს იმედის თვალით და ჩვენც შევეცდებით ეს მოლოდინი არ გავუცრუოთ მათ" - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნუგზარ ფუტკარაძემ.
შეხვედრისას ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობის შეკითხვებს ვაჟა ვერულიძემ უპასუხა.