კახეთში რთველი 20 აგვისტოდან დაიწყებაკახეთში, ალაზნისპირა სოფლებში საბათლოში, სამთაწყაროსა და ფიროსმანში რთველის დაწყებას 20 აგვისტოდან ვარაუდობენ. როგორც გლეხებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, ყურძენი უკვე მწიფეა და შაქრიანობას უახლოეს დღეებში გაზომავენ.
„წელს ამინდმა ხელი შეგვიწყო და კარგი ყურძენი მოვიდა, საშუალოდ ჰექტარზე 5 ტონა მოსავალს ველოდებით", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა პაატა ნადირაშვილმა.
„ყურძენი მწიფობაშია შესული. სავარაუდოდ 20 აგვისტოდან რთველი უკვე დაიწყება", - აღნიშნა სოფელ ფიროსმანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა დავით გუნდაძემ.
ჯერ არ არის ცნობილი, რამდენი ათასი ტონა ყურძნის მოსავალია კახეთში მოსალოდნელი. მუნიციპალიტეტების გამგეობები მონაცემებს ითვლიან. როგორც ცნობილია, 19 ივლისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ თელავის, გურჯაანის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონის ზოგიერთ სოფელში მოსავალი მთლიანად ან ნაწილობრივ გაანადგურა.
ღვინის ქარხნებში ჯერ ვერ აკონკრეტებენ ყურძენს რა ფასად ჩაიბარებენ.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ წელს კახეთში სანიმუშო რთველი უნდა იყოს. თავის მხრივ „ქართული ოცნების" ლიდერებმა აღნიშნეს, რომ რქაწითელის ფასი 1 ლარზე ნალები არ უნდა იყოს.
2011 წელს, კახეთში ყურძნის მოსავალმა 113 506 ტონა შეადგინა. აქედან 82 179 ტონა რქაწითელი, 26 236,5 ტონა საფერავი, 5 090,5 ტონა კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი იყო, მათ შორის ჰიბრიდული. რთველის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო. ქარხნებმა რქაწითელის ჯიშის ყურძენი 45-50 თეთრად, საფერავი კი 60-65 თეთრად ჩაიბარეს. აქედან რქაწითელზე სუბსიდია 15 თეთრი, საფერავზე კი 25 თეთრი იყო. კახეთში რთველის საკოორდინაციო შტაბის ფუნქციონირების მიუხედავად, გლეხებს ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარება უჭირდათ, რის გამოც საპროტესტო აქციებსაც მართავდნენ.