„რომპეტროლ საქართველოს" ავტოგასამართ სადგურებზე რეაბილიტაციისა და ავტომატიზაციის პროცესი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში უკვე რეაბილიტირებული და სრულად ავტომატიზირებულია 4 ბენზინგასამართი სადგური, ზაფხულის ბოლომდე კი მათ რიცხვს კიდევ ექვსი შეემატება.
„რომპეტროლ საქართველოს" მენეჯმენტის ინფორმაციით პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ყველა გასამართი სადგურის სრული ავტომატიზაცია იგეგმება, რეაბილიტაცია კი მხოლოდ 10 სადგურზე განხორციელდება.
„ამ დროისთვის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, რომლითაც „რომპეტროლი" ხელმძღვანელობს დამონტაჟდა ახალი გამშვები სვეტები და მოხდა 4 სადგურის სრული ავტომატიზაცია. იგეგმება კიდევ 6 სადგურის სრული განახლება, ხოლო მთელი ქსელის მასშტაბით სადგურების სრული ავტომატიზაცია. განახლება ხდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რადგან „რომპეტროლ საქართველოს" მიზანია მომხმარებელს ერთნაირი სერვისი შესთავაზოს საქართველოს ნებისმიერ წერტილში მდებარე ავტოგასამართ სადგურზე",-აცხადებს რომპეტროლ საქართველოს გენერალური დირექტორი ნურკენ მურზაგალიევი.
მენეჯმენტის ცნობით, ავტომატიზაციის პროცესი წლის ბოლოსთვის დასრულდება. "ჩვენ მუდამ ორიენტირებული ვართ მომხმარებლის კომფორტზე და ქსელის გაფართოებაზე, რათა ჩვენი მომსახურება ყველასთვის და ყველგან მისაწვდომი იყოს. ავტომატიზაციის გარდა ჩვენს ქსელს უახლოეს მომავალში კიდევ ორი გასამართი სადგური შეემატება. ამასთანავე თბილისიდან გამავალ სადგურებზე უფასო შუშის წმენდის სერვისიც დავამატეთ, რაც მომავალში ყველა ავტოგასამართ სადგურზე დაინერგება,"-აცხადებს ნურკენ მურზაგალიევი.
ტრანსნაციონალური კომპანია "რომპეტროლი" საქართველოს ბაზარზე შვიდი წელია მოღვაწეობს და სადღეისოდ ქვეყნის ნავთობბაზარზე ევრო სტანდარტის საწვავის უმსხვილეს მომწოდებელს წარმოადგენს."რომპეტროლ ჯგუფის" მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსი 40-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.