პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გურიაში იმყოფება, ოზურგეთის რაიონის სოფელ ოზურგეთში ჩხარტიშვილების ოჯახს ესტუმრა და რაიონში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უფასო ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო.
უფასო ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ახალი ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამის „მეტი სარგებელი ხალხს" ფარგლებში ხორციელდება, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადებათა პრევენციაზეა ორიენტირებული. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის მიზანია რეგულარული ვაქცინაციის გზით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი პირუტყვისთვის საშიში ისეთი დაავადებების რისკი, როგორიც არის თურქული და ჯილეხი.
პროგრამის თანახმად, საქართველოს მთელი მასშტაბით 1 აგვისტოდან თურქულის, ხოლო 1 სექტემბრიდან ჯილეხის ვაქცინაცია დაიწყება. ამ მიზნით, შემოტანილ იქნა ფრანგული წარმოების 950 000 თურქულის და 180 000 ჯილეხის ვაქცინა. ვაქცინაციის განსახორციელებლად შეიქმნა 250 მობილური ჯგუფი, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 53 მუნიციპალიტეტის 3000 სოფელში ადგილზე განახორციელებენ ვაქცინაციას.
მასალის გამოყენების პირობები