ახმეტის რაიონის სოფლებში მატანში, ზემო ხალაწანსა და ოჟიოში მგლების დახოცვის მიზნით უკვე რამდენიმე დღეა მონადირეები მორიგეობენ.
„მტაცებლებისაქონელს ყოველდღე გვტაცებენ. რომ შებინდდება გარეთ ვერ გამოვდივართ, ქუჩაში დადიან", - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ მატანის მაცხოვრებლებმა.
მგლებმა ორი დღის წინ, სოფელ მატანში, ჯემალ ქარშაულაშვილს ღორები შეუჭამეს. მანამდე სოფელ ზემო ხალაწანში მგლების ხროვამ რამდენიმე ხბო დაგლიჯა, შემთხვევა დღისით, მინდორში მოხდა. სოფელ ხალაწნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ზეზვა გონეშაშვილის თქმით, მომხდარის გამო სოფელში მონადირეები მორიგეობენ.
მტაცებლებმა სოფელ ოჟიოში, ბონდო ზუროშვილის ფერმაში ოცამდე სული ცხვარი დაგლიჯეს. ოჟიოს თემის რწმუნებულის დავით ახალკაციშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ახმეტის გამგეობამ მონადირეთა ჯგუფი შექმნა. „მონადირეებმა სოფელ კოღოთოში ერთი მგელი მოკლეს, მაგრამ მტაცებელი ძალიან არის გამრავლებული", - განაცხადა ახალკაციშვილმა.