დასაქმებისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. აჭარის დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, დასაქმების სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ნიკა რამიშვილმა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა თემურ გაბაიძემ, აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელებთან ერთად, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
პირველი ღონისძიება სტუდენტებთან შეხვედრა იყო, რომლებიც აჭარის დასაქმების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში დარეგისტრირდნენ და ამ საკითხზე სპეციალური ტრენინგი ჩაუტარდათ. ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის.
იგეგმება აჭარის დასაქმების სააგენტოს მსგავსი სააგენტოების ეტაპობრივად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გახსნა. ნიკა რამიშვილი პირველადი ჯანდაცვის 60-მდე ექიმს გაესაუბრა, რომელთა გადამზადების პროცესი საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით მიმდინარეობს. დასაქმების სახელმწიფო მინისტრის მოადგილე კმაყოფილი დარჩა სააგენტოს მრავალმხრივი მუშაობით, როგორც დასაქმებულთა სტატისტიკით, ასევე რეგიონში მიმდინარე ღონისძიებების უწყვეტ ციკლში სააგენტოს მუდმივი ჩართულობით.
მემორანდუმი გაფორმდა ასევე გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს შორის შემდგომი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.