საქართველოს საფინანსო ბაზარზე კიდევ ერთი უცხოური ბანკი შემოვიდა. თურქული უმსხვილესი ბანკის „იშ ბანკის" ფილიალი დღეს ბათუმში აჭარის არ. მთავრობის თავმჯდომარემ აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთნ ერთად გახსნა.
ლევან ვარშალომიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბანკმა თავისი პირველი ფილიალი კავკასიაში სწორედ ბათუმში გახსნა. სამომავლოდ „იშ ბანკი" გაფართოებას აპირებს და საქართველოს დიდ ქალაქებშიც ამოქმედდება. მისივე თქმით, ყოველი ახალი ობიექტის გახსნა რეგიონში ახლი ინვესტიციების შემოდინებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს. ასევე, კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს.
„იშ ბანკი" 1924 წელს თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ათა თურქის ბრძანებით, ქვეყნის სახელმწიფოდ გამოცხადებისთანავე ჩამოყალიბდა. ამჟამად ბანკს 10 სხვადასხვა ქვეყანაში აქვს ფილიალები.