ხულოს მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, დაბაში ყოფილი სტამბის შენობაში მალე ახალგაზრდული ცენტრი განთავსდება. შენობის რეაბილიტაცია ერთი თვის წინათ დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე გაეცნო. მისი განცხადებით, ცენტრის ამოქმდედების მიზანია მომავალ თაობას ჰქონდეს ხელმისაწვდომი ინტერნეტი და გაცილებით ინფორმირებული იყვნენ. გარდა ამისა, ცენტრის დატვირთვა იქნება ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბება, გუნდური მუშაობის უნარჩვევების გამომუშავება და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება.
რეგიონის მასშტაბით ახალგაზრდული ცენტრების ჩამოყალიბების ინიციატივა აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ეკუთვნის და მისი მიზანი ახალგაზრდების სხვადასხვა პროგრამებში ჩართვა, მათ მიერ სხვადასხვა სახის პროექტების მომზადება და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობაა.
დაბა ხულოს ახაგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია ერთ კვირაში დასრულდება. იგი აღიჭურვება ინტერნეტში ჩართული 10 კომპიუტერით, დამონტაჟდება პროექტორი და შესაბამისი ტექნიკა. რეაბილიტაციისათვის 20 000 ლარი დაიხარჯება.