იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ყველაზე პოპულარული და მაღალტირაჟიანი განცხადებების გაზეთის გამოცემა 1 წლის წინ დაიწყო და ის მომხმარებლებში უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს.
გაზეთში ქვეყნება განცხადებები მთელი საქართველოს მასშტაბით უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის, გაქირავების, დაგირავების, სხვადასხვა ნივთების და ავტომობილების, აუქციონების, ტრენინგების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესახებ.
გაზეთის ყოველი ნომერი 5000-ზე მეტი ახალი განცხადებით, კვირაში სამჯერ გამოდის (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი).
მომსახურების მისაღებად საჯარო რეესტრს ყოველდღიურად ასობით მოქალაქე უკავშირდება საქართველოს ყველა რეგიონიდან. შესაბამისად, ყველაზე მეტი ახალი განცხადება სწორედ ამ გაზეთში იყრის თავს. გაზეთი იყიდება საქართველოს ფოსტის პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში და მისი ფასი მხოლოდ 20 თეთრია.
1 წლის მანძილზე გაზეთს 4 დანართი დაემატა:
• ყოველ ორშაბათს, გაზეთი გამოდის სპეციალური დანართით : „დასაქმდი საქართველოში" - მასში სამუშაოს მაძიებელთათვის დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში არსებული ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება. გაზეთში თავმოყრილია სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, საშუალო და დაბალ რგოლებზე არსებული ვაკანსიების მთელი სპექტრი: სამშენებლო სფერო, ტურიზმი, მომსახურება, დიზაინი, გაყიდვები და სხვ. რაც მნიშვნელოვნად ეხმარება შრომის ბაზარს, აწვდის სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ისე დამსაქმებლებს.
• ყოველ ოთხშაბათს, გაზეთს ახლავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ახალი, ინგლისურენოვანი დანართი „Public Registry" . დანართში განთავსებულია ინფორმაცია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებში, ბინების, სახლების, საოჯახო ტიპის სასტუმროების გაქირავების და მომსახურების შესახებ. Public Registry საუკეთესო საშუალებაა საქართველოში სასწავლებლად, საქმიანი თუ ტურისტული ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქებისთვის. ინგლისურენოვანი ჩანართი ხელს უწყობს ქვეყანაში მცირე ბიზნესის განვითარებას. იმ სეგმენტს, რომელსაც რეკლამირების ფინანსური საშუალებები შეზღუდული აქვთ, შეუძლიათ უფასოდ განათავსონ თავიანთი გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია და პირდაპირი კავშირი დაამყარონ მომხმარებელთან, რაც უცხოელი კლიენტების მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. საჯარო რეესტრი უსასყიდლოდ უზრუნველყოფს განცხადების ტექსტის ინგლისურ ენაზე თარგმნას.
• ყოველ პარასკევს, გაზეთში მოთავსებულია სპეციალური დანართი „დაისვენე საქართველოში" , სადაც განთავსებულია ინფორმაცია საქართველოს კურორტებსა და ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში გასაქირავებელი საოჯახო სასტუმროების, კერძო სახლების, პანსიონატების და სხვ. შესახებ. ასევე, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი ტურებისა და ექსკურსიების შესახებ და სხვ. დანართი „დაისვენე საქართველოში" ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოდის და ეხმარება უცხოელ ტურისტებს სწრაფად და მარტივად, შუამავლების გარეშე მოიძიონ მათთვის სასურველი ბინა, სახლი თუ სასტუმრო.
• ასევე პარასკევობით გამოდის დანართი „ავტომობილები" , რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერაა მომზადებული და მასში იბეჭდება გასაყიდი ავტომობილების შესახებ ფოტოსურათიანი განცხადებები.
მოქალაქეებს გაზეთში ინფორმაციის განსათავსებლად შეუძლიათ აირჩიონ მათთვის ყველაზე მოსახერხებელი მომსახურება: დარეკონ ტელ: 29 111 29 ან საინფორმაციო ცენტრ 09-ში და ოპერატორს უკარნახონ განცხადების შინაარსი. ან შეავსონ განცხადება საჯარო რეესტრის ოფისში, ან საქართველოს ფოსტის პრესის გამავრცელებელ ნებისმიერ ჯიხურში და აქვე მოათავსე ნარინჯისფერ ყუთში.
განცხადება მიწოდებიდან 3 დღეში , გაზეთის 4 ნომერში ზედიზედ განთავსდება.