საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გიორგი და გელა რომელაშვილების ოჯახს ესტუმრნენ.
პრემიერ-მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილების ოჯახს საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ოჯახები ყოველთვის იქნებიან სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ.
პრემიერმა თავდაცვის სამინისტროს ახალ კონცეფციაზეც ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სახელმწიფოს მხრიდან სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებზე ტოტალური ზრუნვაა, კონცეფცია ძალაში 2013 წლიდან შევა.
პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ გორში ერთ-ერთ ქუჩას ძმები რომელაშვილების სახელი დაერქმევა.
ლეიტენანტი გიორგი და კაპრალი გელა რომელაშვილები გორის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდნენ, მათ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი აქვთ მინიჭებული, ასევე მიღებული აქვთ მედლები „სამშობლოსთვის თავდადებული" და „მხედრული მამაცობისთვის".
გიორგი და გელა 2008 წლის 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპნენ, მათ სიცოცხლე შესწირეს საქართველოს თავისუფლებას.