"მთავარი აღიარება უკვე მოხდა და ეს არის აღიარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადების კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც, ე.წ. აღიარებების აღლუმი უკვე შეწყდა და მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ აპირებს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების აღიარებას.
"ალბათ, ვაშაძემ უკეთ იცის, მან იცის დედამიწის ყველა მცხოვრები.ეჭვი მეპარება, რომ ეს პროცესი შეწყდა. ეს პროცესი წინაა",_ აცხადებს კარასინი და აღნიშნავს, რომ იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის განვითარების პროცესი და იმის მიხედვით, თუ როგორ მოიხსნება მათი წარმომადგენლებისთვის ბლოკადა საერთაშორისო სარბიელზე, ამ ე.წ. სახელმწიფოების აღიარების პროცესი გაგრძელდება.
რაც შეეხება ნაურუს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ რამდენიმე ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ამ ორი რეგიონის ე.წ. აღიარებას ორი აზია-წყნარიოკეანის რეგიონის სახელმწიფო აპირებს კარასინი აცხადებს, რომ იგი ნაურუს საგარეო საქმეთა მინისტრს არ შეხვედრია, თუმცა იცის, რომ ამგვარი განცხადება გაკეთდა.
"მე მას არ შევხვედრივარ, თუმცა ვიცი, რომ ამგვარი განცხადება გაკეთდა, მოდით დაველოდოთ", - აცხადებს კარასინი.