მაჭახელაში, სოფელ ქედქედში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ადგილობრივებთან ერთად ახალი ხიდი გახსნა. ძველი, 60 წლის წინათ აგებული, ამორტიზირებული ხიდი, როგორც ავტომობილებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეებისთვის წლების განმავლობაში საშიშროებას წარმოადგენდა. გამაგრდა ჯებირები, აიგო ლითონის ხიდის ახალი კონსტრუქცია, დაიგო ლითონის სამანქანე სავალი ნაწილი, დამონტაჟდა მოაჯირები. სამუშაოები შპს "ხელვაჩაურის საგზაო სამმართველომ" შეასრულა, რისთვისაც 110 ათასი ლარი დაიხარჯა.
ლევან ვარშალომიძე ადგილობრივებსაც შეხვდა და მათგან პრობლემები მოისმინა. ქედქედის მცხოვრებლებმა მთავრობის თავმჯდომარეს საბავშვო ბაღის მშენებლობა და სოფლოს მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციაში ხელშეწყობა თხოვეს. ლევან ვარშალომიძის თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფელს ორ წელიწადში ექნება, მთავრობის გადაწყვეტილებით კი ხილის ტრანსპორტირებასა და საორგანიზაციო საკითხებში დახმარებას ადგილობრივებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გაუწევენ.
მასალის გამოყენების პირობები