"ვფიქრობ გავა დრო და ისინი მეტ სიმართლეს იტყვიან, იმიტომ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ამ ომის შესახებ ბევრი დეტალის გარკვევა მოხერხდა. ამიტომაც ისინი ილაპარაკებენ და აღიარებენ კიდეც, რომ მათ დაიწყეს, რომ ისინი სინამდვილეში რამდენიმე წელიწადი ამზადებდნენ ამ ომს", _ აცხადებს ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გუშინ გაკეთებული აღიარების კომენტირებისას.
"მათ ესმით, რომ ახლა რუსეთი ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაშია. ის საერთაშორისო იზოლაციაშია და ამ ოთხი წლის განმავლობაში არც პუტინს და არც მედვედევს სერიოზული საერთაშორისო კონტაქტები არ ჰქონიათ. ამიტომაც ისინი იძულებულები არიან დათანხმდნენ, რომ მათ დაიწყეს ომი და რომ ეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაჩერებლად იყო საჭირო და საერთოდ შეეჩერებინათ საქართველო იმიტომ, რომ ის კარგი მაგალითი გახდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის", _ აცხადებს პანფილოვი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ აღიარა, რომ რუსეთს საქართველოსთან ბრძოლის გეგმა ჯერ კიდევ 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში ჰქონდა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღიარა ის, რომ რუსეთი ოს სეპარატისტებს საბრძოლველად ამზადებდა და წვრთნიდა. "ეს საიდუმლო არ არის: გეგმა იყო და სწორედ მის ფარგლებში ვმოქმედებდით. გეგმა გენშტაბმა 2006 წლის ბოლოსა და 2007 წლის დასაწყისში შეიმუშავა და მე შემითანხმა. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში ოს მოხალისეებს ვამზადებდით",_ განაცხადა პუტინმა რუსულ მედიასთან საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები