რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებები საქართველომ 6 აგვისტოს დაიწყო. ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
"ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა 5,6, 7 და 8 რიცხვებში, პირდაპირ ცხინვალიდან ვიღებდი. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჟურნალისტებისგან ვიღებდი ინფორმაციას. იმიტომ, რომ სწორედ ისინი უკავშირდებოდნენ ჩემს პრესმდივან დიმიტრი პესკოვს, ის კი, უკვე თავის მხრივ, ჩემთან მოდიოდა და მათზე, თვითმხილველებზე დაყრდნობით ახდენდა ჩემს ინფორმირებას მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ", _ განაცხადა პუტინმა.
"თქვენი კოლეგები პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, რომ მიდის ნამდვილი ომი და რეალურად მოვიდა ქართული არმია. სიტყვასიტყვით ეს ჟღერდა ასე: "რეალურად მიდის ბრძოლა, ნამდვილი, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენი სამშვიდობოები". მოკლედ, ეს იყო ერთადერთი ჩემი წყარო იმ დროსთვის. სწორედ მასზე დაყრდნობით ვესაუბრებოდი დიმიტრი მედვედევსა და თავდაცვის მინისტრს", _ განაცხადა პუტინმა "რია ნოვისტისთან" საუბარში და აღნიშნავს, რომ მან დღემდე არ იცის იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც ამ ინფორმაციას აწვდიდნენ.
"პირველ ყოვლისა, მათთვის უკვე დიდი ხანია მადლობა უნდა გვეთქვა, მეორეც: თუ ისინი მოისურვებენ, შესაძლოა, დავადგინოთ და გავესაუბროთ",_ განაცხადა პუტინმა.
რუსული მედია ასევე აღნიშნავს, რომ პუტინმა უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტების კითხვა - "ითხოვდა თუ არა პირადად ის იმ დროს საბრძოლო მოქმედებების დაწყებას".
"ეს უკვე სხვა საკითხია",_ ასე უპასუხა პუტინმა ამ კითხვაზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შედეგად რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა და ის მყოფი სეპარატისტების ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. დღემდე რუსეთის ფედერაცია უგულებელყოფს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის, ძალების გაყვანისა და მათ კონფლიქტამდე არსებული დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების ხელშეკრულების შესრულებას, რომელსაც ხელი საქართველოს, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტება მოაწერეს. ამ ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ თავისი სამხედრო ძალა 2008 წლის 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე უნდა დააბრუნოს. ამჟამად საქართველოს ეს ორი რეგიონი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.