რამდენიც არ უნდა იოცნებონ მოსკოვში, საბჭოთა კავშირი არ აღდგება, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, 4 წლის წინ, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების დროს ქონდა მკვეთრად გამოკვეთილი 3-პუნქტიანი გეგმა - დაემხო საქართველოს მთავრობა, მისთვის დაეკარგა გეოპოლიტიკური ფუნქცია და ხელი შეეშალა ერთი მხრივ, ნატო-ს გაფართოებისთვის და მეორე მხრივ, საქართველოსთვის ალიანსში გაწევრიანებით უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების მიღებისთვის, ასევე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის.
"ეს ქვეყანა ვახტანგ გორგასლისაა! ეს ქვეყანა დავით აღმაშენებლისაა! ეს ქვეყანა დემეტრე თავდადებულისა და გიორგი ბრწყინვალისაა! ეს ქვეყანა ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მერაბ კოსტავასია! ეს ქვეყანა იმ გმირებისაა, რომლებმაც 2008 წელს აქ, ამ მიწაზე, ამ ცის ქვეშ, საკუთარ სამშობლოში გაწირეს თავი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. და იმიტომ ვდგავართ დღემდე ფეხზე, იმიტომ გვიჭირავს ხელში ჩვენი დამოუკიდებლობის ულამაზესი ხუთჯვრიანი დროშა, რომ ეს ქვეყანა მათია და არა „ბაბაიას" დამძახებლების!", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ "ჩვენ არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან!" და საქართველო არ დანებდება მტერს.
"არ მოგვბეზრდება თავისუფლების სიყვარული! არ დაგვღლის ჩვენი ეროვნული სიამაყე! კრემლს შეიძლება ბევრი ოცნება ჰქონდეს საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ქართველ ხალხს აქვს თავისი გეგმა საქართველოს მომავლის შესახებ. ჩვენი გეგმაა თავისუფლება!ჩვენი გეგმაა განვითარება! ჩვენი გეგმაა წინსვლა! ჩვენ არასდროს არ დავბრუნდებით წარსულში! და რამდენიც არ უნდა იოცნებონ ამაზე მოსკოვში, საბჭოთა კავშირი არ აღდგება! რამდენი შადიმანიც არ უნდა მოძებნონ ქართველებში - თითო შადიმანზე ასი ცოტნე, ასი ქაქუცა და ასი დავითი გამოჩნდება.რამდენი შულავერიც არ უნდა გამოქექონ - იმდენი დიდგორით ვუპასუხებთ! ჩვენი გეგმა ძალიან მარტივია - ჩვენ არც ერთი იოტით არ დავთმობთ საქართველოს ინტერესებს!", - განაცხადა პრეზიდენტმა.