არასამთავრობო ორგანიზაცია "მეგობრობის ხიდი ქართლოსი", რომელიც მუშაობს ქართულ-ოსურ თემთა შორის დიალოგის განვითარების ხელშეწყობაზე, დღეს, 8 აგვისტოს, 19:00 საათზე, კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ კავკასიურ სახლში, ხსოვნის კვირეულის ფარგლებში, გამართავს ახალი წიგნის - "ომის სხვა სახე" - პრეზენტაციას.
წიგნში შესულია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარი ქართულ-ოსური თანადგომის რეალური ისტორიები, რომელიც ნათლად ასახავს, რომ ომშიც კი შესაძლებელია ადამიანური ფასეულობების შენარჩუნება.
წიგნზე ქართველი და ოსი ჟურნალისტები როგორც გორში, ასევე ცხინვალში, ერთად მუშაობდნენ. "ომის სხვა სახე" აგვისტოს ომის შემდეგ პირველი ერთობლივი გამოცემაა, რომელიც ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა.
პრეზენტაციის ბოლოს გაიმართება დისკუსია.
წიგნი მხარდაჭერილია COBERM-ის მიერ, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ადმინისტრირებას უწევს გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა.