ჩაქვის დასახლებაში "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრებმა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ედნარ დიასამიძის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
35 წლის ედნარ დიასამიძე 9 აგვისტოს სენაკის დაბომბვის დროს დაიღუპა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. როგორც "ქრისტიან დემოკრატების" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიაზ ზოსიძემ აღნიშნა, ედნარ დიასამიძე აჭარის და სრულიად საქართველოს საამაყო შვილია.
"მისი სახელი თაობიდან თაობას გადაეცემა. მან ყველაზე მთავარი - სიცოცხლე გასწირა სამშობლოსათვის. ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობას უკვე, ტრადიცია აქვს დამკვიდრებული, რომ ამ დღეს, მოვიდეს ედნარის სასაფლაოზე, პატივი მიაგოს მის სულს, შეხვდეს მისი ოჯახის წევრებს და ჩვენს ერს ხმამაღლა უთხრას, როდესაც ედნარისნაირი შვილები ჰყავს ჩვენს ქვეყანას, მას გადაშენება არ უწერია", - აღნიშნა ნიაზ ზოსიძემ.
როგორც გარდაცვლილის ბიძა, ხასან დიასამიძე აღნიშნავს ედნარ დიასამიძე სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა.