შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ხატის გატანას მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან. ისინი სასულიერო პირებს მოუწოდებენ, ხალხის გვერდით დადგნენ.
მუზეუმის კურატორის, გია მარსაგიშვილის განცხადებით, მუზეუმიდან ზარზმის ღვთისმშობლის ხატის გადატანა გადაწყდა. მუზეუმიდან ახალციხეში, კერძოდ, რაბათის ციხეში, ორი ხატის გადატანა იყო დაგეგმილი, თუმცა ბოლოს ერთის გატანა გადაწყდა.
"აწყურის ღვთისმშობლის ხატს კი, დაზიანებების გამო, რაბათის ციხის ტერიტორიაზე, არ გადაიტანენ", - განაცხადა მარსაგიშვილმა.
მუზეუმი უკვე დაიკეტა. ხატების მუზეუმიდან გადატანას მუზეუმის თანამშრომლები და შეკრებილი მოქალაქეები აპროტესტებენ. მუზეუმის თანამშრომელთა ინფორმაციით, ხატების გატანაზე პასუხისმგებლობა მუზეუმის დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ თავის თავზე აიღო.