პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს უფლებამოსილებები გაუზარდა. ვანო მერაბიშვილის №324 ბრძანებულების თანახმად, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს უფლება მიეცათ განახორციელონ როგორც ადგილობრივი, ისე სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტები სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ და უფლებამოსილ უწყებებთან კოორდინაციით, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოსთან ან სხვა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთან ერთად მათ განხორციელებაში.
პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაში ასევე აღნიშნულია, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება -საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია განახორციელოს როგორც საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, შეკეთებისა და მოვლა-შენახვის სამუშაოები, რომელთაც სახელმწიფო მნიშვნელობა აქვთ.