კოალიცია "ქართული ოცნება" რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ 7 აგვისტო საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა.
დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ხელისუფლებას მოუწოდა "ორი დღე დუმილი შეინარჩუნოს და ამით მაინც მოიბოდიშოს".
"2008 წლის აგვისტოს ომი ყველაზე დიდი ტრაგედიაა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ორი დღის განმავლობაში შეინარჩუნონ სრული დუმილი და ამ მხრივ მაინც მოიბოდიშოს იმ უბედურებისთვის, რაც მათი უგუნური პოლიტიკის გამო ქვეყანას თავს დაატყდა", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე განმარტებით კოალიციამ თავისი საარჩევნო კამპანია ისე დაგეგმა, რომ დღეს და ხვალ განსაკუთრებული მასობრივი ღონისძიებები არ გაიმართება. რაც შეეხება ლოკალური მასშტაბების საარჩევნო შეხვედრების ჩატარებას და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, კანდიდატები ამ მხრივ მუშაობას არ წყვეტენ.