საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზემო აჭარაში სახალხო დღესასწაულს - შუამთობას დაესწრო. პრეზიდენტმა ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ 8 წლის წინ აჭარა ჩაიბარა სიღატაკეში მყოფი, დღეს კი აჭარა სხვა სახელმწიფოებისთვის მიბაძვის ობიექტია.
პრეზიდენტმა ბეშუმში შეკრებილებს უთხრა, რომ დაწყებულია გოდერძისა და ადიგენის შემაერთებელი გზის მშენებლობა.
"ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე დღის წინ სამუშაოები და ეს არის ბოლო შუამთობა, როდესაც აქ ამოვდივართ ცუდი გზით. ჩვენ დავიწყეთ, როგორც იქნა, გოდერძის უღელტეხილისა და ადიგენის შემაერთებელი გზის მშენებლობა და აქაურობა აღარ იქნება ჩიხი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის განცხადებით, დარისპარაულში რამდენიმე დღის წინ დაიწყო სათხილამურო ტრასის მშენებლობა, რომელიც აჭარის მოსახლებას სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება.
მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა აჭარაში ახალი საავდმყოფოების გახსნის შესახებაც და აღნიშნა, რომ ძალიან მალე მოხდება ყველა ადამიანის დაზღვევით უზრუნველყოფა და ისინი შეძლებენ მაღალკვალიფიციურ ექიმებთან ჩაიტარონ მკურნალობა.
სააკაშვილმა თავის გამოსვლაში გააკრიტიკა ოპოზიცია, რომელიც, მისი თქმით, კორუმპირებული ძალებისთვის აპირებს ხელისუფლების დაბრუნებას.
"ამას წინათ ერთ რომელიღაცა პოლიტიკოსს მოვკარი თვალი, რომელიც ამბობდა: კი, მთავრობამ ბევრი რამ ააშენა, მაგრამ ახლა წავიდეს და დაგვიტოტვოს ჩვენ ეს ყველაფერი. მეტი საქმე არა მაქვს, რომ ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენ დაგანგრევინოთ. ესენი ისეთი სპეციალისტები არიან ნგრევის, ჩვენი ცათამჯენები რომ ჩავუგდოთ ხელში, ორ თვეში აღარფერი დარჩება მათგან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველი პირი ბეშუმში აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, ლევან ვარშალომიძესთან ერთად იმყოფებოდა.