უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს რუსეთთან შედარებით მეტი საერთო აქვთ. მისი თქმით, უკრაინას სურს, ამერიკასთან მომავალშიც ღია, პრაგმატული და გულწრფელი ურთიერთობა შეინარჩუნოს.
„ჩვენ ყოველთვის გვქონდა მნიშვნელოვანი და მტკიცე სტრატეგიული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა განსაკუთრებით აქტიურად სრულმასშტაბიანი ომის დროს განვითარდა. მადლობელი ვარ მთელი იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღეთ.
თუმცა, ჩვენს ურთიერთობებს ყოველთვის კეთილსინდისიერების სამართლიანობისა და, რაც მთავარია, გამჭვირვალობის პრინციპებზე ვაგებდით. თუ იტყუები, მაშინ როცა შენი ხალხი ომშია, ეს ძალიან მტკივნეულია. ამიტომ ყოველთვის მსურდა, არაფერი დამემალა და შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის არ მომეტყუებინა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ამერიკასთან უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე ამერიკას რუსეთთან. ამას უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის უმრავლესობაც აცნობიერებს.
მომავალშიც გვსურს, ამერიკასთან ისეთივე ღია, გულწრფელი და პრაგმატული ურთიერთობა გვქონდეს, როგორიც დღეს გვაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა. თუმცა, თუ რუსეთი ამ შეთანხმებას არ დაიცავს, პარტნიორებმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის საკმარისი საშუალებები უნდა მიაწოდონ, რათა ქვეყანამ საკუთარი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა შეძლოს.
მისი თქმით, თუ უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე საპასუხო დარტყმები არ უნდა განახორციელოს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის გაზის, ელექტროენერგიისა და ნავთობის ინფრასტრუქტურას უტევს, პარტნიორებმა უკრაინის დაცვის ალტერნატიული გზა უნდა უზრუნველყონ.
„თუ ვამბობთ, რომ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე საპასუხო დარტყმები არ უნდა განვახორციელოთ მას შემდეგ, რაც ისინი ჩვენს გაზს, ელექტროენერგიას, ნავთობს - ყველაფერს უტევენ, მაშინ ეს საკითხი სამართლიანად უნდა გადაწყდეს. რუსები თავს გვესხმიან, ამერიკა კი მათ შეჩერებას ვერ ახერხებს.
მოდით, ვირწმუნოთ, რომ ამერიკას ეს ძალიან სურს, მაგრამ არ შეუძლია. მაშინ მე, როგორც პარტნიორი, პრეზიდენტ ტრამპთან შემხვედრ ნაბიჯს ვდგამ: თუ ისინი გვიტევენ და ჩვენ საპასუხო დარტყმის განხორციელება არ შეგვიძლია, ეს არაკეთილსინდისიერი და უსამართლოა. მაგრამ თუ თქვენ ასე გჭირდებათ და პუტინის მოთოკვას ვერ ახერხებთ, მაშინ ჩამჭრელი რაკეტები მოგვაწოდეთ, რომ ჩვენი ენერგეტიკა დავიცვა.
თუ პუტინის შეჩერება ვერ შეძელით, უკრაინას მაინც დაეხმარეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი განცხადების თანახმად, ენერგეტიკულ ობიექტებზე ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტიანი, თუ რუსეთი მას დაიცავს, ხოლო დარღვევის შემთხვევაში უკრაინას საკუთარი ინფრასტრუქტურის დასაცავად საკმარისი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ექნება.