პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცახდებით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მანანა კობახიძე პოლიტიკური პარტიის წევრი იყო თუ არა, რადგან როგორც მოსამართლეს მას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე კანონით უნდა ეხელმძღვანელა.
ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა მანანა კობახიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს დატოვებასთან დაკავშირებით.
"გაქცეული ადამიანის მუშტების ქნევას აზრი არ აქვს. ყველამ თავის ადგილზე თავისი პროფესიული და მორალური პოზიცია გამოხატოს, აი მაშინ ექნება მის სიტყვას ფასი. მოსამართლე როცა ხდები, შენ მანამდე პოლიტიკური პარტიის წევრი იყავი თუ რაღაცა იყავი, აღარ აქვს მნიშვნელობა. როგორც მოსამართლეს ფიცი გაქვთ დადებული და ვალდებულება გაქვს, კანონის მიხედვით იმოქმედო და მიიღო გადაწყვეტილება. ამიტომ თავისი მორალი და სინდისი როგორც კარნახობს მოსამართლეს და კანონი და მისი პროფესიული ალღო რასაც ეუბნება, ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. არვიცი, უფლებამოსილება ეწურება და თვითონ გააკეთოს მეტი განმარტება. მე ჩემი პოზიცია გითხარით და მას გულში და თავში რა უტრიალებს, მეტს ვეღარ გეტყვით", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.