პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი წარადგინა.
„პეტრე ცისკარიშვილი უკვე იყო არჩეული ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატად. მან კარგად იცის რაიონის პრობლემატიკა, იცნობს ყველა სოფელს, იცის რა არის რაიონში გასაკეთებელი. ამიტომ, ვფრიქრობ, რომ მისი დასახელება წარმატებული იქნება. ჩვენ მას ვირჩევთ საქმის გასაკეთებლად, ვირჩევთ იმისთვის, რომ ახმეტის რაიონში ყველა სოფელში, ქუჩაზე და ოჯახში მიიტანოს მეტი სიკეთე და ხალხმა მიიღოს მეტი სარგებელი მისი მუშაობიდან და იმ პროგრამებიდან, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პეტრე ცისკარიშვილს ამის გაკეთება შეუძლია. საბოლოო გადაწყვეტილებას ბუნებრივია გამოიტანს აქაური მოსახლეობა", - აღნიშნა ბაქრაძემ ცისკარიშვილის წარდგენისას სოფელ ოჟიოში.
„ჩემთვის დიდი პატივია ჩემი გუნდიდან ვიყო წარდგენილი ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად და ამავდროულად ეს არის დიდი პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ მართლაც ძალიან ბევრი გამოწვევა და სირთულეა ჯერ კიდევ რაიონში.
უპირველესყოვლისა ეს არის უმუშევრობა და ამ კუთხით 24 სათიანი სამუშაო გვაქვს. სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხითაც არის პრობლემები, მეცხოველეობიდან დაწყებული ღვინის წარმოებით დამთავრებული. ჩვენი პრიორიტეტია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგად აღჭურვილი საავადმყოფო მაგრამ იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მოსახლეობის დაზღვევა იქნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი გამოწვევა", - განაცხადა პეტრე ცისკარისვილმა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე ვის თვლის მის მთავარ კონკურენტად, პეტრე ცისკარიშვილმა პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, რომ მისი მთვარი კონკურენტი არის უმუშევრობა, სიღარიბე და სოფლის მეურნეობაში დაბალი პროდუქტიულობა. „პოლიტიკურ კონკურენტზე გეკითხებით", - ჩაეკითხა ჟურნალისტი. „მაგაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ", - უპასუხა პეტრე ცისკარიშვილმა.