ერთი შეხედვით უცნაურია, რომ რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობის თითქმის 250-წლიან ისტორიაში არაფერი შეცვლილა. უფრო ზუსტად, 1783 წლიდან მოყოლებული, ისტორია თითქოს უსასრულოდ იმეორებს ერთსა და იმავე დრამატულ სიუჟეტსაც და ღია ფინალსაც. თუმცა 2008 წლის ხუთდღიანი ომი ამ უცნაურობის ფარულ მიზეზებს კარგად ხსნის _ მრავალწლიანმა და "მართლმორწმუნე მეგობრობით" გაფორმებულმა, მცოცავმა ოკუპაციამ (განსაკუთრებით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ) გასაგები და იმპერიული მიზნებით გაფორმებული სახე მიიღო.
ცინიზმი ისაა, რომ როგორც სოციალიზმის უწყინარ და პოლიტიკურად ნეიტრალურ ხანაში, ასევე დღესაც, მოსკოვი ჩვენი ეგზისტენციური არსებობის საბედისწერო მიმართულებად რჩება. მაგრამ თუ ადრე "ძმური კავშირი" პოლიტიკური ელიტების საერთო სახალხო გართობას უკავშირდებოდა, 2008 წლის ომის შემდეგ "ოკუპანტის" სტატუსის მქონე ქვეყანასთან დიალოგიც გამორიცხულია. ამის მიუხედავად, ხელისუფლება (უფრო იძულებით) და ოპოზიცია (უფრო რევანშის გამო) ისევ მოსკოვში, "უკვდავი კოშჩეის" მტრედის კვერცხში მოთავსებულ სეპარატიზმის "გასაღებს" ეძებს. ხელისუფლებას სათანადო ბერკეტები და ლეგიტიმაცია აქვს, მაგრამ მოსკოვში არ ჩაესვლება, ოპოზიციას მოლაპარაკებისთვის სიამოვნებით ეპატიჟებიან, მაგრამ მისი რელური გავლენა საზოგადოებასა და პოლიტიკურ პროცესზე მინიმალურია.
ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიზანები, სტატეგია და გზები ამ საკითხთან მიმართებაში, განსხვავებულია. მუდმივად მეორეხარისხოვანი როლებისთვის განწირული ნოღაიდელის "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ჩრდილოეთის მიმართულებით იმდენ აქტიური და მოქმედი გახდა, რომ უპირველესი "მოღალატის" პრივილეგია გარანტირებული აქვს. ამავე ფრონტზე ახლად მიმაგრებული კობა დავითაშვილის მცირემეტრაჟიანი "ხალხის პარტია" და კახა კუკავას ლამის ორკაც-ნახევრიანი "კონსერვატორული პარტია" ჯერ ზურგს ამაგრებენ და წინამოსკოვურ მოთელვას გადიან. ბურჯანაძე "დეკრატიული მოძრაობით" ჯერჯერობით ოდნავ ჩრდილშია დარჩენილი, ხოლო ნათელაშვილის მშრომელთა პარტია ავანგარდში კარგა ხანია აღარაა.
როცა ცხინვალში დატყვევებული "ბავშვების მხსნელი" ზურაბ ნოღაიდელი, არც მეტი არც ნაკლები, პუტინთან მოლაპარაკებაზე გამოჩნდა, ეჭვი გაჩნდა, რომ კრემლმა სქემა ცოტათი შეცვალა და გაჩეჩილაძესა და ბურჯანაძეს ისევ სიტვაძუნწი და პრაგმატული პრემიერყოფილი არჩია. ვერ ვიტყოდით, რომ ტალინში, ღია საციგურაოზე მოსრიალე ჰიპერაქტიურმა პრეზიდენტმა ნოღაიდელის იმიჯის გაკეთილშობილება თუნდაც ნეიტრალურად მიიღო. მოღალატის იარლიყს მან მეტი მხატვრული ზემოქმედებისთვის "ვირისა და ბალახის" მეტაფორაც დაურთო. თუმცა "მოღალატე" ნოღაიდელის მრევლზე (ისევე, როგორც უმწემსოდ დარჩენილ ოპოზიციის სხვა ნაწილზე) ამ იგავს დიდი გავლენა არ მოუხდენია.
სამაგიეროდ, პრეზიდენტის რისხვა დაზუთხული ლექსივით გაიმეორა "ნაცმოძრაობის" ელიტამ. ოღონდ ლექსიკა კიდევ უფრო მკაცრი აღმოჩნდა -მოღლატეებსა და გამყიდველებს ხალხი განაჩენს გამოუტანსო. მაგრამ რა ვუყოთ "საოკუპაციო" ფონზე ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნის აუცილებლობას? ვისთვის ან რისთვისაა აუცილებელი? ავიაკომპანია "აირზენას" საერთო სახალხო რეისებით საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ? ხოლო "დომოდედოვოს" აეროპორტი შვეიცარიასავით ნეიტრალური ტერიტორიაა?
ალბათ, პაატა ზაქარეიშვილის ჩასვლაც ცხინვალში (ადამიანის უფლებათა დასაცავად) მოღალატეობს ნიშნავს, ხოლო ჟენევაში სეპრატისტებთან დამამცირებელი, მომქანცველი და "უნოკაუტო" რაუნდები _ პატრიოტულ სახელმწიფო პოლიტიკას. გიგი უგულავას მართლაც სკანდალური ინტერვიუ "ნიუსვიკთან" (ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით) პატრიოტიზმის ნიმუშია, ხოლო პაატა ბურჭულაძის მონაწილეობა მოსკოვში გამართულ საქველმოქმედო კონცერტში _ კოლაბორაციონიზმის. ან იქნებ, უკრაინაში "დამკვირვებლებად" ჩასული გამგებლები, პოლიციელები და სპორტსმენები განსახიერებდნენ ჩვენთვის შეუცნობელ პატრიოტებს...
ამგვარი ორაზროვანი სიტუაციები (წინასწარი პოლიტიკური აკვიატების გარეშე) აჩენს ერთგვარ თავსატეხს: ვინ არიან პატრიოტები და რითი განსხვავდებიან ისინი მოღალატეებისგან? ცხადია, თუUამგვარი ანტინომია საზოგადოების შეფასების მთავარი კრიტერიუმია.
"ჯი-ეიჩ-ენი", დავით ბუხრიკიძე