პანკისის ხეობაში ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ოფისი დაიხურა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შეჩერდა ყველა ის პროგრამა, რომელსაც ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო ხეობაში მცხოვრები ჩეჩნეთიდან ლტოლვილებისთვის ახორციელებდა.
ლტოლვილების ცნობით, ოფისის დახურვა საბჭოს ახალმა ხელმძღვანელმა მოითხოვა. „ოფისის დახურვის არგუმენტად ის დაგვისახელეს, რომ პასპორტების მიღების შემდეგ ხეობა ჩეჩნეთიდან ლტოლვილების დიდმა ნაწილმა დატოვა, რაც მართალი არ არის. პასპორტები კი ავიღეთ, მაგრამ მესამე ქვეყანაში უსახსრობის გამო ვერ გავდივართ. ერთადერთი ვინც ყურადღებას გვაქცევდა, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ოფისი იყო", - განაცხადეს ჩეჩნეთიდან ლტოლვილებმა.
ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ოფისი მუშაობას თბილიში აგრძელებს. საბჭოში პანკისის ხეობაში ოფისის დახურვის მიზეზებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.