რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ნიკოლაი კოვალიოვი "პროვოკაციას" და "ქართული მედიის მიერ გავრცელებულ სიცრუეს" უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსულმა დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრისას "თავი შეიკავა" იმის ნაცვლად, რომ რეზოლუციის წინააღმდეგ მიეცა ხმა.
აღსანიშნავია, რომ ამ რეზოლუციაში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი "ოკუპირებულ ტერიტორიებად" არიან მოხსენიებულნი.
რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციაში ნიკოლაი კოვალიოვი აცხადებს: "ეს ამაზრზენი სიცრუეა, პროვოკაციაა! რუსეთმა ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა", _აცხადებს კოვალიოვი და აღნიშნავს, რომ თუ "მსგავსი ფანტაზიების" ტრანსლირება საერთაშორისო დონეზე მოხდება "რუსეთი ადეკვატური პასუხის გაცემის უფლებას იტოვებს".
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე "საქართველოში მდგომარეობის შესახებ" რეზოლუციის კენჭისყრისას რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა არ მისცა და "თავი შეიკავა" არა ქართულმა მედიამ არამედ რუსულმა სააგენტო "რეგნუმმა" გაავრცელა. რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კოვალიოვმა მაშინ რუსეთის დელეგაციის ეს ქმედება იმით ახსნა, რომ "რეზოლუციაში გონივრული რაღაცეებიც იყო".
მართალია კოვალიოვი ასევე აღნიშნავდა, რომ ეუთოს სესია "მთლიანობაში ტენდენციური იყო და ჩემი აზრით, მრავალ შემთხვევაში პოზიცია უბრალოდ, ანტირუსული იყო და რუსეთის საზიანოდ მიმართული. ეს ეხება საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც - მას მრავალ შემთხვევაში ტენდენციური ხასიათი ჰქონდა" , _ აცხადებდა კოვალიოვი და აღნიშნავდა, რომ რუსულ დელეგაციას ამ რეზოლუციისათვის მხარი არ დაუჭერია და კითხვაზე პასუხის გაცემისას თუ რატომ მოიქცა რუსული დელეგაცია ასე კოვალიოვი განმარტავდა, რომ "რეზოლუციაში არის გონივრული რაღაცეები, რომელთა წინააღმდეგაც ხმის მიცემა უბრალოდ არამიზანშეწონილი იყო".
შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიღებული რეზოლუციით დაადასტურა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებული ტერიტორიებია. რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.