ხვალ, 18 ივლისს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 20 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5.75 პროცენტით განისაზღვრა.
მაისში წლიურმა ინფლაციამ -3.3 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის უარყოფითი მაჩვენებელი უმთავრესად საბაზო ეფექტით არის განპირობებული. არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ ივნისიდან წლიური ინფლაციის მაჩვენებელი დაიწყებს ზომიერ ზრდას, თუმცა მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება როგორც ამ წლის განმავლობაში, ისე მომავალი წლის დასაწყისშიც.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა 6.8 პროცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია გადამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის სექტორების მაღალი ზრდა. ეკონომიკური აქტივობის ინდიკატორები მეორე კვარტალში ზრდის ტემპის კიდევ უფრო მომატებაზე მიუთითებს. მიუხედავად მაღალი ზრდისა, მშპ-ს პოტენციური დონიდან გადახრა ნულთან ახლოს არის და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას არ წარმოქმნის.
იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში ჩამორჩება მიზნობრივ დონეს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწვეტილებებს.