შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის პოლისების დარიგება დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ფოთში მცხოვრებ პენსიონერებს შეხვდა და ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები პირადად გადასცა. მინისტრმა პენსიონერებს პოლისით გათვალისწინებული მომსახურებებისა და სარგებლობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
2012 წლის 1 სექტემბრიდან ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები ძალაში შევა. პოლისები მილიონზე მეტ მოქალაქეს პენსიასთან ერთად „ლიბერთი ბანკის" საშუალებით დაურიგდება. სახელმწიფო დაზღვევის პოლისს მიიღებენ: საპენსიო ასაკის მოქალაქეები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობებისა და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. 0-დან 5 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებსა და სტუდენტებს პოლისები საქართველოს ფოსტის საშუალებით რეგისტრაციის მისამართზე დაურიგდებათ. საქართველოს მოქალაქეები ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505 - ზე მიიღებენ.
სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის ფარგლებში მოქალაქეებს სასწრაფო დახმარების, ექიმთან კონსულტაციის, ამბოლატორიული მკურნალობის, დიაგნოსტიკური გამოკვლევების, გეგმიური და გადაუდებელი ოპერაციების, ასევე სხვა ჰოსპიტალური მომსახურების ხარჯები აუნაზღაურდებათ.
მოსახლეობისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჯანდაცვის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო რეგულარულად აფართოვებს დაზღვეულთა წრეს. ამჟამად სახელმწიფო დაზღვევით 900 ათასამდე მოქალაქე სარგებლობს. 2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დამატებით მილიონზე მეტ ადამიანს დააზღვევს. კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა 500 ათას მოქალაქეს აღწევს. 2012 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში დაახლოებით 2.4 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება.