სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სოფელ კარალეთში მომხდარ ინციდენტს გმობს და იმედოვნებს, რომ ქართველები ერთმანეთს ქვებს აღარ ესვრიან .
პატრიარქმა მიმართა ხელისუფლებას, ოპოზიციას, ყველა პარტიის წევრსა და რიგით ადამიანებს, რომ მსგავსი რამ აღარ გაიმეორონ.
"ეს არის სირცხვილი თქვენი და ქართველი ერისა. როგორ ბედავს ადამიანი, რომ იღებს ქვას და მეორეს ესვრის, სად არის თქვენი სარწმუნოება და სიკეთე?!", - მიმართა მრევლს პატრიარქმა.
მისივე განცხადებით, თითოეული ქართველის უკან სამშობლო დგას და ადამიანებმა ერთმანეთს ისეთი რამ არ უნდა გაუკეთონ, რითაც ქვეყანა დაზარალდება.
"თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ ერთმანეთს, ისაუბროთ, იკამათოთ, მაგრამ ერთმანეთის ცემა, მით უფრო, ქვების სროლა და იარაღით დამუქრება ყოვლად დაუშვებელია", - ბრძანა პატრიარქმა და ხაზი გაუსვა, რომ მტერს სწორედ ქართველებს შორის ურთიერთობის დაძაბვა უნდა.