გორში დაგეგმილ აქციაზე ,,ქართული ოცნების" ლიდერები ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის მცდელობას არ გამორიცხავენ, _ აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ გორის აქცია იმდენად კარგად ორგანიზებულია, რომ ხელისუფლების მცდელობა მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია უშედეგო იქნება.
,,ის რაც მერეთსა და კარალეთში მოხდა გვიჩენს ეჭვს, რომ გორის აქციაზეც შესაძლებელია ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის მცდელობები იყოს, მაგრამ აქცია იმდენად კარგად ორგანიზებულია, რომ დარწმუნებული ვარ, ,,ნაციონალურ მოძრაობას" თუ რაიმე პროვოკაცია აქვს დაგეგმილი არ გამოუვა", _ განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ აქციაზე ბევრი მხარდამჭერი იქნება.
,,ვფიქრობ, რომ დღეს გორში ძალიან ხალხმრავალი, ორგანიზებული აქცია იქნება და მმართველი გუნდის მცდელობა, დააშინოს ხალხი, რათა აქციაზე არ მოვიდნენ ნამდვილად არ გამართლდება", _ განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების" აქცია გორში 19:00 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრთან მდებარე მოედანზე გაიმართება.