საქართველოს მთავრობას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას "ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ."
შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ჩონგ ცვუანმა.
შეთანხმების ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ გრანტის სახით გამოიყოფა 60 მილიონი ჩინური იუანი (დაახლოებით 9.5 მლნ აშშ დოლარი). აღნიშნული ფინანსური რესურსი მოხმარდება სოფლის მეურნეობაში მექანიზიის მხარდაჭერას. ეს რიგით მეორე ჩინური გრანტია, რომელიც მიმართული იქნება საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების ხელშესაწყობად. „დღეს ჩინურ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმებით გამოყოფილი ფინანსური რესურსი მოხმარდება საქართველოსთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ განვითარებას, სოფლად პროდუქტიულობის გაზრდას. ეს ყველაფერი უკავშირდება დასაქმების ხელშეწყობას და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ქვეყანაში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ახალი პროგრამის - „მეტი სარგებელი ხალხს" ერთ-ერთ ფლაგმანურ მიმართულებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სოფლის მოსახლეობის დასაქმების და მათთვის ბიზნესის კეთების ახალი შესაძლებლობების შექმნას.
სოფლის განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით ახალი სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული თანხები და ამ მიმართულებით მოზიდული საერთაშორისო ფინანსური რესურსები, ხელს შეუწყობს ყველა პირობის შექმნას იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები აგრარულ სექტორში, გაიზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა, ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა, გაძლიერდეს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ბიძგი მიეცეს ახალი ინვესტიციების შემოსვლას დარგში. ამ ყველაფრის ბენეფიციარი, უპირველეს ყოვლისა, იქნება ადგილობრივი მოსახლეობა, ვინც მიიღებს უფრო მეტ სარგებელს და გაზრდილ შემოსავალს, რაც ნიშნავს ძლიერ სოფელს, შესაბამისად - ძლიერ სახელმწიფოს.
2005 წლიდან დღემდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გრანტების სახით უკვე გამოყოფილია 220 მლნ იუანი (დაახლოებით 34.7 მლნ აშშ დოლარი) და 30 მლნ იუანის (დაახლოებით 4.7 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის 20 წლიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი 10-წლიანი შეღავათიანი პერიოდით.