ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ "საქართველოში მდგომარეობის შესახებ" რეზოლუცია მიიღო, რომელშიც აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არიან მოხსენიებულნი.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდის ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტმა სხდომაზე ფართო მხარდაჭერა მოიპოვა და დამტკიცდა კიდეც. დოკუმენტი პოლონელი დეპუტატის მიხალ შერბოის მიერ იყო მომზადებული. კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე რეზოლუციის პროექტი ეუთოს პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტმა მოიწონა.
რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე გამოხატულია შეშფოთება "როგორც საქართველოს ტეროიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული მდგომარეობის ირგვლივ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა (საქართველო ) და სამხრეთ ოსეთში (საქართველო) მყოფი პირების ჰუმანიტარული მდგომარების ირგვლივ და ასევე მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების მათთვის უარის თქმის გამო".
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდება ყველა მხარეს "დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები და სრულყოფილად შესრულონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელივ ევროკავშირის შუამავლობითაა გაფორმებული. რეზოლუციაში ასევე არის მოწოდება ამაღლდეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ეფექტურობა როგორც ყოვლისმომცველი საერთაშორისო მექანიზმისა გაჭიანურებული კონფლიქტის მოსაგვარებლად".
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაში ასევე არის მოწოდება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობებისადმი დაუშვან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და "ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთი (საქართველო) და სამხრეთ ოსეთი (საქართველო) ამ მისიის შეუფარხებელი მისაწვდომობა უზრუნველყონ, როგორც ეს გათვალისწინებულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში.
ამ დოკუმენტში ასევე საუბარია ეუთოს მისიის საქმიანობის აღდგენაზე საქართველოში.
ამას გარდა, დოკუმენტში ცალკე პუნქტი აქვს დათმობილი საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს.
"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების დემოკრატიზაციის გაგრძელებას და აღნიშნავს, რომ 2010 წლის 30 მაისს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები უმეტესწილად ესადაგებოდნენ საერთაშორისო სტანდარტებს", _ ნათქვამია რეზოლუციაში.
დოკუმენტი მიესალმება საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მოსალოდნელი არჩევნები ეუთოს ვალდებულებებისა და მოწოდებებების შესაბამისად ჩაატაროს.
აღსანიშნავია, რომ ტერმინს "ოკუპირებული ტერიტორიები" ასევე გამოყენებულია აშშ-ს სენატისა და ევროპარლამენტის რეზოლუციებში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსის შესახებ.
2011 წელთან შედარებით ამ დოკუმენტის მხარდამჭერთა რიცხვი 57-დან 60 სახელმწიფომდე გაიზარდა.
ტუვალუ და ვანუატუ, რომლებმაც ადრე განაცხადეს, რომ აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამუკიდებლობას, იმ 60 სახელმწიფოს რიცხვში აღმოჩნდნენ, რომლებმაც გუშინ, ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ქართული რეზოლუციის პრექტს დაუჭირეს მხარი.
რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა სიაში კი რუსეთთან ერთად აღმოჩნდნენ: სომხეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ლაოსი, მიანმა, სუდანი, ზიმბაბვე, სირია, შრი-ლანკა, ვიეტნამი, სერბეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ.