პარიზში "სირიის მეგობართა ჯგუფის" შეხვედრაზე აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი სირიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მოწოდებით გამოვიდნენ. ამას გარდა, მათ რუსეთისა და ჩინეთის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს, რომლებიც სირიის კრიზისი განმუხტვისაკენ მიმართულ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას ბლოკავენ.
შეხვედრაში ასზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელი და სირიის ოპოზიციის ათობით წარმომადგენელი მონაწილეობს.
რუსეთმა და ჩინეთმა ამ შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადეს.
ამაზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ ამით ამ ორმა ქვეყანამ სირიაში მიმდინარე მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის გაგრძელებაზე პასუხისმგებლობა აიღეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ საჭიროა სირიაში კიდევ უფრო სისი რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა, ოპოზიციის მხარდაჭერა და მისი საკომუნიკაციო საშუალებებით მომარაგება.
თავის მხრივ ამ შეხვედრაზე სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები სირიის საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას და სამხედრო ინტერვენციის განხორციელებას მოითხოვენ, რომელიც მათი განცხადებით სისხლისღვრას მოუღებს ბოლოს.
მასალის გამოყენების პირობები