"კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებას საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაზრდა უშლის ხელს", _ განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქუთაისში გამოსვლის კომენტირებისას გააკეთა.
"ხსენებული გამონათქვამები არაორაზროვნად ადასტურებს, რომ თბილისში შენარჩუნებულია სამხედრო რევანშისტული განწყობილებები, რომლებიც რეალურ საფრთხეს უქმნიან მშვიდობასა და სტაბილურობას კავკასიაში", _აცხადებს ლუკაშევიჩი და აღნიშნავს, რომ სააკაშვილის სიტყვებიდან გამომდინარე, "ავღანეთში რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება "აქტიური ომი", მით უკეთესი საქართველოსთვის, რომელსაც ექნება შესაფერისი პოლიგონი თავისი არმიის სახედრო მომზადებისთვის".
"მიგვაჩნია, რომ ბატონი სააკაშვილის მიერ თავისი განზრახვების ჭეშმარიტი მოტივების გულწრფელად (თუ არა ცინიკურად) აღიარებას ყურადღება უნდა მიაქციონ მათ, ვინც ყველანაირად აქებს თბილისის "წვლილს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში ავღანეთში" და ამ კეთილშობილური მიზნის გამოყენებით სავსებით კონკრეტულ დახმარებას უწევს მათ სამხედრო პოტენციალის გაზრდის საკითხში", _ ხაზგასმით აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი.
მისი თქმით, "ტყუილად კი არ არიდებს თავს ქართული მხარე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულების გაფორმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ".
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, ღამით, რუსეთის ფედერაციამ ვერაგულად დაარღვია საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სუვერენული საზღვრები და მის ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონის მხრიდან, როკის გვირაბის გავლით შემოიჭრა. რუსეთის ფედერაციამ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ასევე რუსეთის მოსაზღვრე საქართველოს მეორე რეგიონში - აფხაზეთში.
რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შედეგად რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა და ის მყოფი სეპარატისტების ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. დღემდე რუსეთის ფედერაცია უგულებელყოფს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის, ძალების გაყვანისა და მათ კონფლიქტამდე არსებული დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების ხელშეკრულების შესრულებას, რომელსაც ხელი საქართველოს, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტება მოაწერეს. ამ ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ თავისი სამხედრო ძალა 2008 წლის 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე უნდა დააბრუნოს. ამჟამად საქართველოს ეს ორი რეგიონი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.