ჩატარდება თუ არა კიდევ სხდომები თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში, არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი.
დღეს მე-7 მოწვევის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა და პარლამეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ დეპუტატებს რიგგარეშე სხდომის ფორმატით შეკრება აღარ მოუწევთ.
კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა გაიმართოს. საშემოდგომო სესია კი კანონმდებლობის თანახმად, სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება. თუმცა საშემოდგომო სესიის გახსნა პარლამენტს იმ შემთხვევაში აღარ მოუწევს, თუ საპარლამენტო არჩევნები 11 ოქტომბრამდე დაინიშნება, რადგან პარლამენტი მუშაობას არჩევნებამდე ერთი თვით ადრე წყვეტს.
ხოლო თუ საპარლამენტო არჩევნები 11 ოქტომბრის შემდეგ დაინიშნება, მაშინ მე-7 მოწვევის პარლამენტს სხდომის გამართვა სექტემბრის პირველ სამშაბათს თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში კიდევ მოუწევს.
მომავალი, მე-8 მოწვევის პარლამენტი კი, კანონმდებლობის თანახმად, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში შეიკრიბება, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს.