ოპოზიციის წარმომადგენლები საზოგადოებას მოუწოდებენ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ოთხ წლისთავთან დაკავშირებით პატივი სცენ გირგვლიანის ხსოვნას და შარდენის ქუჩაზე არსებულ ბარებში გართობისაგან თავი შეიკავონ.
აღნიშნული მოწოდება შარდენის ქუჩაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა, კობა დავითაშვილმა, ალექსანდრე შალამბერიძემ და ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა გაახმოვანეს.
როგორც ოპოზიციის ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, 28 იანვარს 18:00 საათზე გაიმართება ფილმის ჩვენება "ქალაქში მკვლელია".
"27-28 იანვვრის ღამით ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკვეთით მოკლეს სანდრო გირგვლიანი. უკანასკნელი ოთხი წელია, სანდროს ოჯახისწევრები, ნათესავები და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვს დამნაშავე პირთა გამოვლენას და დასჯას, ანუ ობიექტურ გამოძიებასა და სასამართლო პროცესს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ხდება პირიქით, დამკვეთები დააწინაურეს, შემსრულებლებმა ცინიკურად სიმბოლური სასჯელი მოიხადეს. ამასობაში ცოცხლები აღარ არიან სანდროს ყველაზე ახლო ადამიანები. გვსურს მივმართოთ ხელისუფლებას, მათ დაწყებულ ბრძოლას ქართული საზოგადოება გააგრძელებს და საბოლოო მიზნამდე მიიყვან", _ განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.