NDI-ის რეკომენდაციით, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა შეიმუშაოს, გამოაქვეყნოს და დაიცვას გამჭვირვალე, თანმიმდევრული და სამართლიანი პროცედურები, მათ შორის, გამოძიების (მონიტორინგის) შესახებ შესაბამისი ინფორმაციის საჯაროობა. ყველა გამოძიება (მონიტორინგი) უნდა იყოს სიღრმისეული და მიუკერძოებელი. მონიტორინგის პროცესის დროს თანამშრომლებმა მედიასთან განცხადებების გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავონ. მეტიც, პროცედურებში გაწერილი უნდა იყოს შემთხვევების მონიტორინგის პრიორიტეტულობის განსაზღვრის წესი.
"სამსახურმა საკუთარი საქმიანობის შესახებ მკაფიო, გასაგები ინფორმაციის მიწოდებისა და უფრო გამჭვირვალედ მოქმედების გზით მისი მიკერძოებულ ორგანოდ აღქმა თავიდან უნდა აიცილოს. ინტერესთა კონფლიქტის შესახებ შთაბეჭდილების თავიდან აცილების მიზნით, სამსახურმა უნდა უზრუნველყოს, რომ არც სამსახურის თავმჯდომარე, არც მისი მოადგილეები და თანამშრომლები არჩევნებში კენჭს არ იყრიან ან რომელიმე პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში არ მიიღებენ მონაწილეობას", - ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ ანგარიში მომზადებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო დელეგაციის მიერ, რომლის წევრები არიან: რობინ კარნაჰანი, მისურის შტატის მდივანი; სემ გეჯდენსონი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი; პერ ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი; კენეთ ვოლაკი, NDI-ის პრეზიდენტი და ლუის ნავარო, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი.
დელეგაციის მიზანი იყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასება, ზოგადი პოლიტიკური გარემოს ანალიზი და იმ ფაქტორების შესწავლა, რომელსაც საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ვიზიტის მიზანი ასევე იყო, გაეცა რეკომენდაციები, რომელიც მშვიდობიანი, სანდო არჩევნებისთვის დიალოგს და კონსენსუსის მიღწევას შეუწყობს ხელს და აამაღლებს ამომრჩევლის ნდობას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ხალხის ნებას გამოხატავს.