NDI-ის რეკომენდაციის მიხედვით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ კამპანიებს, რათა მოხდეს ამომრჩევლის ინფორმირება, თუ სად და როდის მისცეს ხმა და რა უფლებები აქვს არჩევნების დღეს.
"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ამომრჩეველთა განათლებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, მათ შორის საარჩევნო პროცედურების შესახებ ინფორმაციის დაბეჭდვასა და გამოკვრას ეთნიკური უმცირესობების ენებზე. კომისიამ უფრო მეტი ძალისხმევა გაწიოს ამ ენების სრულყოფილად მცოდნე ადამიანების საარჩევნო ადმინისტრაციაში დასასაქმებლად და მოსამზადებლად. დროულად, ობიექტურად, თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს და გადაჭრას საარჩევნო დავები.
სრულად გაითვალისწინოს ამომრჩეველთა სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ სიის დაზუსტების შემდეგ წარმოდგენილი რეკომენდაციები და ამომწურავად განმარტოს განხორციელებული ცვლილებები. უზრუნველყოს ამომრჩევლების მიერ სიაში პირადი მონაცემების გადასამოწმებლად საკმარისი დროის გამოყოფა. გააძლიეროს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების პროფესიული მომზადება ყველაზე დონეზე, რათა ხელი შეუწყოს საარჩევნო მოხელეების მიერ საარჩევნო პროცედურებისა და რეგულაციების ცოდნასა და ზედმიწევნით დაცვას. უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა სადამკვირვებლო ჯგუფებისათვის. თავი შეიკავოს იმ საარჩევნო მოხელეთა ხელახალი დანიშვნისაგან, ვინც ადრე საარჩევნო კანონები და რეგულაციები დაარღვია. მიმართოს ყველა კეთილგონიერ ძალისხმევას საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან დასაკავშირებლად, რათა მათ იცოდნენ, რომ საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში ხმის მიცემა შეუძლიათ", - ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში.
ინსტიტუტის ინფორმაციით, ცესკომ უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის საარჩევნო კოდექსით მათთვის მინიჭებული უფლებების და ვალდებულებების განმარტება. უზრუნველყოს, დამოუკიდებელი კანდიდატები ისეთივე სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობდენ, როგორც პოლიტიკური პარტიების მიერ ნომინირებული მაჟორიტარი კანდიდატები.
"გამჭვირვალედ და ობიექტურად გამოიყენოს დამკვირვებელთა აკრედიტაციის კრიტერიუმები. სწრაფად და ამომწურავად გასცეს პასუხი დარეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მოთხოვნებს. უზრუნველყოს, რომ ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია პროფესიონალურად და კონსტრუქციულად ურთიერთობდეს დამკვირვებლებთან. უზრუნველყოს საარჩევნო საჩივრების სწრაფი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი განხილვა, ასევე დამკვირვებელთა მიერ შეტანილი ყველა საჩივრის დარეგისტრირება. უზრუნველყოს ყველა საარჩევნო უბანზე ბარათის წამკითხავი მოწყობილობის, ნეტბუქებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მონაცემთა გადამოწმების სისტემის არსებობა", - განმარტებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ ანგარიში მომზადებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო დელეგაციის მიერ, რომლის წევრები არიან: რობინ კარნაჰანი, მისურის შტატის მდივანი; სემ გეჯდენსონი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი; პერ ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი; კენეთ ვოლაკი, NDI-ის პრეზიდენტი და ლუის ნავარო, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი.
დელეგაციის მიზანი იყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასება, ზოგადი პოლიტიკური გარემოს ანალიზი და იმ ფაქტორების შესწავლა, რომელსაც საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ვიზიტის მიზანი ასევე იყო, გაეცა რეკომენდაციები, რომელიც მშვიდობიანი, სანდო არჩევნებისთვის დიალოგს და კონსენსუსის მიღწევას შეუწყობს ხელს და აამაღლებს ამომრჩევლის ნდობას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ხალხის ნებას გამოხატავს.