დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კახეთში 31 წლის მამაკაცის H1N1 ვირუსით გარდაცვალებას არ ადასტურებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, გიორგი მამადაშვილი სუნთქვის უკმარისობით დაიღუპა, თუმცა ის ე.წ. ღორის გრიპით არ იყო გამოწვეული.
"საქართველოში პნევმონიით ყოველდღიურად უამრავი ადამიანი კვდება, მაგრამ ყველა მათგანის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი არაა. ჩვენ თელავის საავადმყოფოში მამაკაცის ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალებას არ ვადასტურებთ. მას ამ ტიპის ვირუსი არ დაუდგინდა", - განუცხადა პაატა იმნაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, H1N1 ვირუსით თელავის მკვიდრი, 31 წლის გიორგი მამადაშვილი გარდაიცვალა. როგორც თელავის საავადმყოფოს ექიმი თერაპევტი კახა კირვალიძე აცხადებს, მამადაშვილი საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობით მიიყვანეს, რის გამოც ის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებისთანავე მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. მოგვიანებით კი, ახლობლების მოთხოვნით, კატასტროფის ცენტრის მანქანით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გაიგზავნა, სადაც გარდაიცვალა.
გიორგი მამადაშვილი შს თელავის სამმართველოს თანამშრომელი იყო.