დღეს, 27 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება აქცია - "გაიღე სისხლი უანგაროდ - გადაარჩინე სიცოცხლე!" როგორც სამედიცინო უნივერსიტეტში აცხადებენ, სისხლის უანგარო დონორობის პოპულარიზაციისა და საზოგადოების ინფორმირების გაუმჯობესების მიზნით, უანგარო დონორობის მხარდამჭერი აქცია ჩატარდება.
აქციის ფარგლებში სისხლს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და არასამთავრობო ორგანიზაცია "დონორთა კლუბის" წევრები უანგაროდ ჩააბარებენ. აქციის დროს დონორთა ერთობლივ მონაცემთა ბაზაში ნებაყოფლობითი დონორების რეგისტრაცია მოხდება. თითოეულ ახლად რეგისტრირებულ ნებაყოფლობით დონორს გადაეცემა დონორის ბარათი და საინფორმაციო მასალა, დაურიგდებათ საინფორმაციო-სარეკლამო სახის მაისურები და კეპები.
აქცია ტარდება გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, რომლის IV კომპონენტს "უსაფრთხო სისხლი და სისხლის პროდუქტები" ჯო-ენის სამედიცინო ცენტრის სისხლის ბანკი და ამერიკის საერთაშორისო ჯანდაცვის კავშირი (AIHA) ახორციელებს.
საქართველოში სისხლის დონორთა უმრავლესობა ფასიანი დონორია. განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სისხლის უსაფრთხოების ერთ-ერთი უპირველესი პირობაა, ქვეყანაში უანგარო დონორობის ინსტიტუტის ჩამოყალიბება. აუცილებელია ფასიანი დონორების ჩანაცვლება უანგარო დონორებით.