საჯარო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ შემოსავლისა და ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება უქმდება. საჯარო სექტორში დეკლარირების სისტემის ცვლილებას კანონპროექტი "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" ითვალისწინებს, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა.
კერძოდ, პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, უქმდება საჯარო მოსამსახურის ვალდებულება სამსახურში შესვლისას, ასევე შემდგომ ყოველწლიურად ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს წარუდგინოს თავისი და ოჯახის წევრების შემოსავლისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი ცნობა-დეკლარაცია.
როგორც კანონპროექტის ავტორები ამბობენ, საჯარო მოსამსახურის მიერ დეკლარაციის წარდგენას არ აქვს რაიმე საგადასახადო მიზანი, ამასთან, არც გამჭვირვალობას უწყობს ხელს, ვინაიდან შევსებული დეკლარაციის საჯაროდ გამოქვეყნება არ ხდება.
ამავდროულად, ის პირები, რომლებიც კორუფციის უფრო მაღალი რისკის შემცველ პოზიციებზე იმყოფებიან, "თანამდებობის პირებად" განისაზღვრნენ. შესაბამისად, მათ დაეკისრებათ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების ვალდებულებაც.
ცვლილებების თანახმად, თანამდებობის პირებად განისაზღვრნენ საქართველოს სამინისტროების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მოადგილეები და აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები; საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, დეპარტამენტის უფროსები და მათთან გათანაბრებული პირები; თვითმმართველი ქალაქების მერის მოადგილეები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის და ქალაქის რაიონის გამგებლის მოადგილეები და თვითმმართველი ქალაქების და მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარის მოადგილეები; საკრებულოების კომისიათა თავმჯდომარეები და საკრებულოს მდივანი.